ახალი ამბები

ბაქრაძე აშშ-ს და გერმანიას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე 20 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ვიზიტი ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მცდელობების ფარგლებში, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 აპრილს განაცხადა, ”საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის” მიზნით რუსეთის იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს. 


აშშ-დან ბაქრაძე გერმანიაში ჩავა, სადაც თავის გერმანელ კოლეგას შეხვდება, განუცხადა მან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 20 აპრილს გამგზავრებამდე.


”ვიმედოვნებ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით ნიუ-იორკში ჩემი ვიზიტის დროს გაიმართება,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”ასევე დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც შევხვდები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს”.


საქართველომ სთხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართოს რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭო მიმდინარე კვირაში გადაწყვეტს მოიწვიოს თუ არა სხდომა ამ საკითხზე.   


 

Back to top button