ახალი ამბები

ბაღაფში სააკაშვილის სამშვიდობო წინადადებებს უარყოფს

აფხაზეთისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო წინადადებები ”შეუზღუდავი ავტონომიურობის” შესახებ მიუღებელია, აცხადებს 29 მარტს თვითგამოცხადებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 მარტს აფხაზებს შესთავაზა ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა; აფხაზების წარმომადგენლობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მათ შორის ახალ კონსტიტუციურ პოსტი ვიცე-პრეზიდენტის, რომელსაც ექნება აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ვეტოს უფლება; და ერთიანი საბაჟო და სასაზღვრო სივრცის შექმნა. სააკაშვილმა ამ საკითხებზე სოხუმს დაუყოვნებლივი მოლაპარაკებების დაწყებისაკენ  მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ”რისკით აღსავსე მომავალზე” მიანიშნა. 


”სააკაშვილის წინადადებებს ჩვენ უკუვაგდებთ,”- იუწყება ”ინტერფაქსი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, ”არ შეიძლება გუშინ აწარმოებდე აფხაზეთის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს, ტერაქტების ორგანიზებას და დღეს მშვიდობისმოყვარე პოლიტიკოსი ხდებოდე”.


ბაღაფშის მოსაზრებით, სააკაშვილის მიერ ახალი ინიციატივების გახმოვანება მოახლოებულ ნატოს სამიტს უკავშირდება ბუქარესტში, სადაც თბილისი ალიანსისგან წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებას იმედოვნებს.


”ეს არის პროპაგანდა ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ. საქართველო ცდილობს თავი წარმოაჩინოს მშვიდობისმოყვარე ქვეყანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების თვალში,”- აცხადებს ბაღაფში.


მისი თქმით, აფხაზმა ხალხმა უკვე აირჩია დამოუკიდებლობის გზა და გააგრძელებს სწრაფვას დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მისაღწევად. ”ჩვენი დამოუკიდებლობა არ იყიდება,”- აღნიშნავს ბაღაფში.


აფხაზეთის ლიდერის განცხადებით, ის მზადაა თბილისთან მოლაპარაკებები აწარმოოს მხოლოდ ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების თაობაზე.


თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს განაცხადა, რომ საქართველო ამ დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button