skip to content
ახალი ამბები

მმართველი პარტია მზადაა თბილისის ხარჯზე გამოყოს მაჟორიტარული კვოტები კონფლიქტურ რეგიონებზე

მმართველი პარტია მზადაა 75 მაჟორიტარული მანდატიდან თბილისისთვის განკუთვნილი 10 მანდატის 6-მდე შემცირების ხარჯზე 4 მაჟორიტარის კვოტა გამოუყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს.


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციამ დედაქალაქის ოლქების უმრავლესობაში მოუგო არჩევნები პრეზიდენტ სააკაშვილს.


ეს ინიციატივა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ გაახმოვანა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, როგორც ”კომპრომისი” ოპოზიციის პრეტენზიების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც 50-დან 75-მდე მაჟორიტარული მანდატების გაზრდაზე გადაწყვეტილების მიღების დროს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა დროებით უკონტროლო კონფლიქტური რეგიონებისათვის მაჟორიტარული მანდატები.


მეორე მოსმენით აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების შიმშილობის აქციისა და შენობის გარეთ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ფონზე.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს პარლამენტის სხდომაზე მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარისაგან ნინო ბურჯანაძისაგან დროის მითითება, თუ როდის განიხილავს პარლამენტი მაჟორიტარების არჩევის წესს, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. ამის შემდეგ მმართველი პარტიისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მცირე შეხლა-შემოხლას მოხდა, თუმცა ინციდენტი მალევე აღმოიხვრა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოუწოდეს მაჟორიტარ კოლეგებს არ დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიციის განცხადებით, პროპორციული სიების ხარჯზე მაჟორიტარების რიცხოვნობის გაზრდით, რაც მაჟორიტარული კორპუსის ინიციატივად წარმოჩინდა, ხელისუფლება ცდილობს მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შესვლის გარანტიები შეიქმნას.

”ეს არის მცდელობა კიდევ უკანონოდ მოვიდეს ის ძალა ხელისუფლებაში, რომელიც დღესაა, რაც გარდაუვალად შექმნის სამოქალაქო დაპირისპირებას ქვეყანაში,”- განაცხადა ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა, დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის სხდომაზე.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას მოუწოდა მმართველ პარტიას გადადგას ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისაკენ, რადგან ”ბერკეტები თქვენს ხელშია”.

75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის წესი ამჟამად ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ეს წესი გულისხმობს 75 ოლქიდან თითო მაჟორიტარის არჩევას, თუმცა ოლქების ამ რაოდენობაში 4 მარტს პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღების დროს არ იყო გათვალისწინებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ის რაიონები, რომელსაც თბილისი დროებით ვერ აკონტროლებს. თუ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება მეორე და მესამე მოსმენებითაც მოხერხდება, ამჟამად კონსტიტუციაში არსებული 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზრდება, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვი 75-მდე დაიკლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button