ახალი ამბები

რესპუბლიკელებმა შეცდომა დაუშვეს – ძიძიგური

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ყოფილი პოლიტიკური პარტნიორების  – რესპუბლიკელების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე ”სერიოზულ შეცდომად” შეაფასა.


”რესპუბლიკელებმა თავის პოზიცია დააფიქსირეს და ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ვფიქრობ, რომ მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს იმიტომ, რომ ხალხის დაკვეთა არის ერთიანობაზე,” -განუცხადა Civil.ge-ს ზვიად ძიძიგურმა, ”არა მგონია ამან საბჭო დააზარალოს. პირველ რიგში თვითონვე დაზარალდებიან. თავის დროზე ლეიბორისტებიც წავიდნენ, რა თქმა უნდა რაღაცით დავზარალდით, მაგრამ ჩვენს ბრძოლას არაფერი არ დაკლებია”. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების ნაბიჯი მათმა ”პარტიულმა მოსაზრებებმა” განაპირობა.


რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც კონსერვატორებთან ერთად ერთ საპარლამენტო ფრაქციაშია გაერთიანებული, დღეს განაცხადა, რომ არჩევნებში დამოუკიდებელი სიით მიიღებს მონაწილეობას, თუმცა აღნიშნა, რომ ძირითად ოპოზიციურ ძალებთან, მათ შორის კოალიციაში ყოფილ პარტნიორებთან, კოორდინირებულად იმოქმედებს.

Back to top button