ახალი ამბები

ჟურნალისტები გაეროს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ

ქართველი ჟურნალისტები დღეს თბილისში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ოფისის წინ შეიკრიბნენ და მოუწოდეს გაეროს დახმარება აღმოუჩინონ ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას გათავისუფლების საქმეში. ბასილაია და კიდევ ორი ქართველი აფხაზურმა მხარემ 26 თებერვალს დააკავა.


”გაერომ არაფერი არ გააკეთა ჩვენი კოლეგის გათავისუფლებისთვის. მოვუწოდებთ მათ დაუყონებლივ დაგვეხმარონ მის გათავისუფლებაში,” – განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი კეპულაძემ.


აქციაში ძირითადად მონაწილეობა მიიღეს ”მზის”, ”რუსთავი 2”-ის და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა. ანალოგიური აქცია ასევე გაიმართა ზუგდიდში, გაეროს ოფისის წინ.


ტელეკომპანია ”მზემ” მიმართვა გაუგზავნა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჟან არნოს და დახმარება სთხოვა მას ჟურნალისტის გათავისუფლების საქმეში.       

Back to top button