
თბილისი რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში აღძრულ საქმეზე პოზიციას არ ცვლის
თბილისი რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აღძრულ საქმესთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის, განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 28 თებერვალს.
სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ქართული მხარე მოითხოვს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისა და ეროვნებით ქართველების დეპორტაციის პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ათი მუხლის დარღვევის აღიარებას და დეპორტაციის პროცესში მათთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთმა 2 000-ზე მეტი ქართველის დეპორტაცია განახორციელა, რასაც წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა ქართული მხარის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო.
”ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაირღვა და ჩვენს პოზიციაზე მყარად ვდგავართ,” – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია ”მზეს” 28 თებერვალს.
27 თებერვალს გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინებოდა, რომ რუსულმა მხარემ 235-გვერდიანი უარყოფა გაუგზავნა სასამართლოს. გაზეთი ვარაუდობს სტატიაში, რომ საქართველომ შესაძლოა უკან გამოიწვიოს თავისი საჩივარი რუსეთთან ურთიოერთობის გაუმჯობესების მცდელობის ფონზე.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 28 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ არა საქართველოს მოქალაქეების ინეტრესების ხარჯზე.