
ბაქრაძე იმედოვნებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ ასახავს კრემლის პოზიციას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ ”შიდაუწყებრივი ინტერპრეტაცია” უწოდა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას და დაადასტურა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები საზღვრების ერთობლივი გაკონტროლების შესახებ და სეპარატისტული რეგიონების არ აღიარების გარანტიების შესახებ მოსკოვში, 21 თებერვალს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების შედეგია.
27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყებამ უარყო საქართველოსთან შეთანხმება რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრების ერთობლივი გაკონტროლების შესახებ და ასევე უარყო ის ფაქტი, რომ თითქოსდა დაარწმუნა თბილისი, რომ მოსკოვი ”არასდროს აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”.
”როგორც შეხვედრის უშუალო მონაწილემ, მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო. რომ საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული შეფასებები და შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების აღწერა სრულად შეესაბამება შეხვედრის მიმდინარეობას და შეხვედრის შედეგებს,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე, ”თვითონ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთი ტიპის განცხადებას ავრცელებს მხოლოდ შეხვედრიდან 7 დღის შემდეგ და 7-დღიანი პაუზა ძალიან ნათლად მიანიშნებს, ჩვენი აზრით იმაზე, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ შიდა უწყებრივ განსხვავებებთან და პრობლემებთან. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი შიდაუწყებრივი ინტერპრეტაციები აფერხებს სახელმწიფო დონეზე აღებული ვალდებულების შესრულებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ განცხადება, რომელიც ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ წარმოადგენს სწორედ [რუსეთის] საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერპრეტაციას და არ აისახება რუსეთის ხელისუფლების და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან მათ მიერ აღებული ვალდებულებების და შეთანხმებების შესრულების პროცესზე”.
დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ”კატეგორიულად” ვერ გაიაზირებს რუსი კოლეგების განცხადებას, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის არ აღიარებაზე მიღწეულ შეთანხმებაზე გაკეთებული განცხადება ”ქმნის მცდარ შეხედულებებს” თითოქოს ეს არის სეპარატისტების გვერდის ავლით მიღწეული კულუარული გარიგება.
”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ყოველთვის ცნობდა და აღიარებდა რუსეთის ფედერაცია, რომელიც დაფიქსირებულია გაეროს მიერ უკანასკნელი 15 წლის მანძილზე მიღებულ ყველა დოკუმენტში და ყველა ამ დოკუმენტის მონაწილე, ხელის მომწერი და თანაავტორი გახლავთ რუსეთის ფედერაცია,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”ამიტომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და სეპარატისტული რეგიონების არ აღიარება ვერანაირად ვერ იქნება შეფასებული, როგორც კულუარული და ზურგს უკან მიმდინარე თამაშები. ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელი თვითონ ასეთი ინტერპრეტაციის მიცემის ფაქტი”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან შეთანხმება ფსოუსა და როკის გვირაბზე საზღვრის ერთობლივი კონტროლის შესახებ, რასაც თბილისი ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ მოითხოვს, ”მთლიანადაა დამოკიდებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესზე და სოხუმის და ცხინვალის თანხმობაზე”.
”რაც შეეხება სასაზღვრო გამტარი პუნქტების ლეგალიზებას, არცერთ შეხვედრაზე არ დასმულა და არ განხილულა საკითხი ამ მოლაპარაკებებში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების მონაწილეობის შესახებ,”- განაცხადა ბაქრაძემ.
მან პრესკონფერენციაზე აჩვენა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, რუსეთის მხარის მიერ არის გამოგზავნილი და აღწერილია ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს საკონტროლო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება საზღვარზე.
”არცერთი სიტყვით ამ დოკუმენტში ნახსენები არ არის არც აფხაზეთის, არც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები. ეს არის აბსოლუტურად სწორი, კარგი და პოზიტიური მიდგომა. ჩვენ მომხრეები ვართ, რომ გაგრძელდეს ეს მიდგომა,”- აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის საგარეო უწყების პოზიცია, რომლიც ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ბაქრაძის მსგავსად ასევე ესწრებოდა სააკაშვილი-პუტინის შეხვედრას მოსკოვში, არ აისახება რუსეთის ფედერაციის პოზიციაზე, ”წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან სერიოზული და სამწუხარო უკან დახევა უკვე შეთანხმებული და უკვე გარკვეული პოზიციებიდან”.
”იმედს გამოვთქვამ, რომ რუსეთის სახელმწიფო და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებს ამ შეხვედრაზე და წინა შეხვედრებზე მიღწეული პრინციპული შეთანხმებების რეალიზებას, ჩვენ ჩვენის მხრივ მზად ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოზიციები,”- განაცხადა ბაქრაძემ.