
ბაქრაძე აფხაზეთში დაკავებულებზე კომენტარს აკეთებს
თბილისი ყველა დიპლომატიურ გზას მიმართავს იმისათვის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ჟურნალისტი და კიდევ ორი პიროვნება მშვიდობიანი გზით იქნან გათავისუფლებულები, განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
”აფხაზეთის გახლავთ საქართველოს ნაწილი და საქართველოს ხელისუფლებას უფლება აქვს კონსტიტუციური ზომების გაატაროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში,”- განაცხადა მან, ”ბუნებრივია ჩვენ ვცდილობთ საკითხი აქამდე არ მივიდეს და ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ რესურსს, რათა დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლება მოხდეს მშვიდობიანი გზით”.
მან ასევე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ მომხდარის შესახებ აცნობა გაეროს შტაბბინას და რეაგირება სთხოვა გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს, მათ შორის რუსეთის ფედერაციას. ბაქრაძის თქმით, დაკავებულების გათავისუფლების პროცესში აქტიურად ჩაერთვება გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჟან არნო.
ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი და კიდევ ორი პიროვნება აფხაზურმა მილიციამ 26 თებერვალს დააკავა. 27 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააფრთხილა ბაღაფში, რომ თუ ის არ გაათავისულებს დაკავებულებს, ამას ქართული პოლიცია სოხუმში მისი ბრძანებით გააკეთებს. სოხუმმა ამ განცახდებას ”იმპულსური ულტიმატუმი” უწოდა და განაცხადა, რომ დაკავებულები, რომელთაც ბრალად ედებათ ”საზღვრის უკანონო გადალახვა”, აფხაზური კანონმდებლობით გასამართლდებიან.