
სოხუმის პოზიცია დაკავებულთა შესახებ უცვლელია თბილისის ულტიმატუმის შემდეგ
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში პრეზიდენტ სააკაშვილის ”იპულსურ ულტიმატუმზე” გამოხმაურებას არ აპირებს და ძალაში ტოვებს გადაწყვეტილებას ”საზღვრის დარღვევის” ბრალდებით დაკავებული სამი პირის არ გამოშვების და აფხაზური კანონმდებლობით გასამართლების თაობაზე, აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან ბჟანია.
ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი და კიდევ ორი პიროვნება აფხაზურმა მილიციამ 26 თებერვალს დააკავა. 27 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააფრთხილა ბაღაფში, რომ თუ ის არ გაათავისულებს დაკავებულებს, ამას ქართული პოლიცია სოხუმში მისი ბრძანებით გააკეთებს. ”ახლა არჩევანი არის ბაღაფშის და არა ჩვენი და მე ამას ვითხოვ დაუყოვნებლივ,” – აღნიშნა სააკაშვილმა.
”ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ულტიმატუმების ენა ჩვენთვის მიუღებელია,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით, ”აფხაზეთის პოზიცია დაკავებულ პირთა ჯგუფის მიმართ, რომელთა შორის ასევე არიან ქართველი ჟურნალისტები, უცვლელი რჩება”.
კრისტიან ბჟანიამ განმარტა, რომ დაკავებულები არ იქნებიან გათავისუფლებულები და გამოძიების დასრულების შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულები ისარგებლებენ ადვოკატის მომსახურებით.