ახალი ამბები

სააკაშვილი სეპარატისტული რეგიონების არ აღიარების რუსულ გარანტიებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 თებერვალს, თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მეორე დღეს განაცხადა, რომ მან მიიღო გარანტიები რუსეთისგან, რომ კრემლი არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.


”ამ დღეებში გარკვეული სპეკულაციები იყო იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება ამ კოსოვოს სიტუაციას, აფხაზეთის და ცხინვალის სიტუაციას და მე ვფიქრობ, რომ პირველი, რაც ძალიან ნათლად ითქვა, რომ რუსეთი ნამდვილად არ ცნობს არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს,”- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ”ჩვენთვის იმედის მომცემი განცხადებაა”.


მან ასევე განაცხადა, რომ დევნილთა დაბრუნებისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესი დიპლომატიურ-სამართლებრივი გზებით უნდა გაგრძელდეს. 


”რაც შეეხება დევნილების დაბრუნების პროცესს და ტერიტორიების რეინტეგრაციის პროცესს, აქაც ჩვენ დიპლომატიური ნაბიჯები უკვე გადავდგით იმიტომ, რომ ახლა ბოლოს ჟენევაში იყო საკმაოდ წარმატებული შეხვედრა. თუ ადრე შეხვედრებზე იყო ტექნიკური პრეტენზიები, ახლა ყველა დოკუმენტში ფიქსირდება დევნილების დაბრუნების უპირობო უფლება და მათი ქონების შენარჩუნების უფლება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ გადავდგამთ დიპლომატიურ-სამართლებრივ ნაბიჯებს და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ესაა საქართველოს გადასაწყვეტი. ამას ვერავინ ჩვენს გარდა ვერ გადაწყვეტს”.  


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ, რომელიც ასევე მოსკოვში იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში მთავარი საკითხები ისევ გადასაწყვეტი რჩება.


”მთავარი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,”- განაცხადა ლომაიამ, ”ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს დადებითად საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”.


საქართველოს დელეგაცია, რომელმაც 22 თებერვალს მოსკოვში დსთ-ს არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სამშობლოში დღეს დაბრუნდება.  

Back to top button