
ოპოზიცია ნოემბრის მოვლენების გამოსაძიებლად პარლამენტში კომისიის შექმნას ითხოვს
ოპოზიცია 7 ნოემბერს მშვიდობიანი მანიფესტანტების, მოშიმშილეების დარბევისა და ”მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების” გამოძიების მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ოპოზიცია მის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტით მოითხოვს, რომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციურმა ფრაქციებმა დანიშნონ და უზრუნველყოფილ იქნას კვოტების განაწილება ისე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლობა არ შეადგენდეს სრულ უმრავლესობას.
ოპოზიციის მიზანია ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიება. ეს მათი მემორანდუმის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
თუმცა ხელისუფლებამ ამ მოთხოვნაზე თავისი პოზიცია საპასუხო მემორანდუმში უკვე გამოხატა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ 7 ნოემბრის მოვლენები ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა გამოიძიოს იმ პირობით, რომ ამას მოჰყვება მხოლოდ პოლიტიკური შეფასება და არა ვინმეს სისხლის სამართლებრივი დევნა.