skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს

ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსეთთან ”კეთილმეზობლური” ურთიერთობების აღდგენას არ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე და პროტესტს გამოთქვამს იმ განცხადების გამო, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ 15 თებერვალს  საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში გააკეთა.


საინფორმაციო შეტყობინებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრას ასახავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან სერგეი ბაღაფშთან და ედუარდ კოკოითთან, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა: ”კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი აღიარება, უდაოდ, გასათვალისწინებელი იქნება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში”.


ახსნა-განმარტებისათვის დღეს საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე იმსჯელა კოსოვოს ირგვლის შექმნილ ვითარებაზე და ”თუ როგორ შეიძლება ეს აისახოს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე”.


”ჩვენ ვაპირებთ ნაბიჯების გადადგმას რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღსადგენად,”- განუცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ”მაგრამ არ ვაპირებთ ეს ურთიერთობები აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე”.


21 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილია პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან. ვიზიტის წინ სააკაშვილმა კოსოვოს პრეცედენტის წინააღმდეგ გააფრთხილა.


მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს წინასწარი შეთანხმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე ერთობლივი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები გაიხსნება.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგეს რუსეთთან და მოიხსნას ეკონომიკური ემბარგო ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებს. 


ამ საკითხების განსახილველად მოსკოვში 18 თებერვალს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია მიემგზავრება.

Back to top button