ახალი ამბები

პატარკაციშვილს “გულის დაავადება” ჰქონდა

ბადრი პატარკაციშვილს გულის სერიოზული დაავადება ჰქონდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გარდაცვლილიყო, ნათქვამია ექიმის დასკვნაში, რომელიც 15 თებერვალს მისი სიკვდილის შესახებ გამოძიების დაწყებისას იქნა წარმოდგენილი. ამის შესახებ BBC, Associated Press და AFP იტყობინებიან. 


გამოძიებამ მოისმინა, რომ გვამის გაკვეთის შედეგად აღმოჩენილ იქნა “მნიშვნელოვანი ბუნებრივი დაავადება”, რომელიც შეფასდა, როგორც გულის იშემიური დაავადება.


“ეს დაავადება ისეთი სიმწვავის იყო, რომ შეიძლებოდა დამთავრებულიყო ნებისმიერ დროს უცაბედი და აუხსნელი კოლაპსით და სიკვდილით,” – განუცხადა გამოძიებას პათოლოგანატომმა ეშლი ფეგან-ერლმა, რომელმაც გვამი გაკვეთა. მან ასევე განაცხადა, რომ დაადგინა გულის “მნიშვნელოვანი” იშემიური დაავადება.


პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება სამშაბათს დაიწყო. ახლა გამოძიება ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგებს ელოდება, რასაც, პოლიციის თქმით, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

Back to top button