
ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს
ათასობით ადამიანია შეკრებილი პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
აქციის ორგანიზატორია ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია, რომელსაც ასევე შეუერთდნენ ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები და ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ყოფილმა ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ ახლახანს დააფუძნა.
ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, აქციაზე 15 საათისათვის 30 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებილი.
კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მათ ჯერ კიდევ ”ზომიერ” მოთხოვნებს.
მმართველმა პარტიამ 14 თებერვალს გამოაქვეყნა ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხო წინადადებები, რაც ხელისუფლების განცხადებით, მათი მხრიდან კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა აქციაში მონაწილე მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მმართველი პარტიის მემორანდუმი შეაფასა, როგორც ”ფარატინა ქაღალდი”, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლას.