ახალი ამბები

კარასინი მოსკოვში შამბას შეხვდა

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება და ჟენევის ფორმატში 18-19 თებერვალს დაგეგმილი მოლაპარაკებები იყო 14 თებერვალს, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორის კარასინისა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემები.


”მხარეებმა განიხილეს ახალი სიტუაცია, რომელიც იქმნება კოსოვოს დამოუკიდებლობის შესაძლო გამოცხადების ირგვლივ,”- იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ”რიგი ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილი გადაწყვეტილებების გვერდის ავლით აღიარების შემთხვევაში,  რეგიონალური კონფლიქტების მიმართ რეალიზებული იქნება მიდგომა, რომელიც აშკარა ორმაგ სტანდარტებს დაეფუძნება”.


”ამასთან დაკავშირებით მხარეებმა განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება მოსკოვსა და სოხუმს შორის,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და აქვე დასძენს, რომ ორმაგი სტანდარტები მოსკოვისთვის ”მიუღებელია”.


იმავდროულად, მხარეებმა იმსჯელეს ჟენევაში დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) შუამავლობით იგეგმება.


”აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს არ გააჩნია რეალისტური მიდგომები [კონფლიქტის] მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და თბილისს არ აქვს სურვილი გაიზიაროს რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც მოლაპარაკებებს ჩიხიდან გამოიყვანს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  


 

მსგავსი/Related

Back to top button