Placeholder canvas
ახალი ამბები

პუტინი კოსოვოზე საუბრობს და ევროპას აკრიტიკებს

კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარება დაანგრევს საერთაშორისო წესრიგს და ქვეყნების ტარიტორიულ მთლიანობას, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე მიანიშნებს.


პუტინმა, რომელმაც დღეს თავისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს ბოლო ფართომასტაბიანი პრესკონფერენცია გამართა, გააკრიტიკა ევროპა სეპარატისტულ რეგიონებთან მიდგომებში ორმაგი სტანდარტების გამო.


”40 წელია არსებობს ფაქტიურად დამოუკიდებელი ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა. რატომ არ აღიარებთ მას? საერთოდ არ გრცხვენიათ ევროპელებს ასეთი ორმაგი სტანდარტებით რომ უდგებით ერთი და იგივე საკითხების გადაწყვეტას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში?”- განაცხადა პუტინმა, ”ჩვენთან აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ ყოველთვის გვეუბნებიან, რომ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა. ტყუილია ეს. არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა იქ არ არის და ყველას კარგად ესმის ეს. ყველაფერი იგივეა  – ეთნიკური კონფლიქტი, ორივე მხრიდან დანაშაულობები, სრული დე ფაქტო დამოუკიდებლობა. ასე რომ საჭიროა ამ საკითხების მოგვარებისას ერთიანი პრინციპების შემუშავება”.  


მისი თქმით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების ცალმხრივი მხარდაჭერა ”არამორალური და არასამართლებრივია”.


”რა საჭიროა სეპარატიზმის წახალისება?”- ამბობს პუტინი, ”თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, ჩვენ დავანგრევთ საერთაშორისო სამართალს და საერთო წესრიგს”.
 

მსგავსი/Related

Back to top button