ახალი ამბები

დეპუტატებმა გელბახიანს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერეს

პარლამენტმა 136 ხმით, ერთხმად მისცა თანხმობა გენერალურ პროკურატურას დეპუტატ ვალერი გელბახიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაგრძელებისა და სასამართლოსთვის მისი დაპატიმრების მოთხოვნით მიმართვის თაობაზე.


იმავდროულად, დეპუტატებმა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ვალერი გელბახიანს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერეს. ამ გადაწყვეტილებას 135 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი ჰყავდა.


პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 22 იანვარს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობის ბრალდებით აღძრა.


პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას თბილისის პროკურორმა გიორგი ღვიანიაშვილმა აღნიშნა, რომ გელბახიანი არჩევნების დღეს და მის შემდეგ პერიოდში არეულობის მოწყობის გზით ხელისუფლების დასამხობად ”არკადი პატარკაციშვილთან ერთად საერთო განზრახვით მოქმედებდა”.


მან ასევე განაცხადა, რომ გელბახიანი თავს არიდებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ღვინიაშვილის განმარტებით, გელბახიანის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც გელბახიანი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსთან ერეკლე კოდუასთან განიხილავს 5 იანვრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმებს; ასევე კოდუას მიერ მიცემული ჩვენება და გელბახიანის ხელნაწერის ექსპერტიზა.


გელბახიანის საკითხის განხილვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. პარლამენტის გადაწყვეტილება ერთადერთმა დეპუტატმა გიორგი ცანავამ გააპროტესტა ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტიდან, რომელიც პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრიც იყო. მან გელბახიანის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ”შეთითხნილი” უწოდა.


”ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ დამონტაჟებული ვიდეო-ჩანაწერის საფუძველზე, სანამ არ ნახავთ ვიდეო ფირს მთლიანად და ნუ დაუჯერებთ ერეკლე კოდუას, რომელიც იყო ამ პროვოკაციის ავტორი,”- განუცხადა მან დეპუტატებს.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სამართალდამცავებს გამოძიების გაგრძელების საშუალებას აძლევენ და ”შემდეგ უკვე სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ფაქტს”.


იმავდროულად,  პარლამენტმა ცნობად მიიღო ვალერი გელბახიანის ფრაქცია ”ჩვენი საქართველოს” დაშლა. ფრაქცია, რომელიც გელბახიანმა ავტომატურად, ხოლო კიდევ ერთმა წევრმა ლევან გზირიშვილმა საკუთარი სურვილით დატოვა,  10 დეპუტატის შემადგენლობით ოქტომბერში ჩამოყალიბდა. ფრაქცია იშლება, როცა მასში 10 დეპუტატზე ნაკლები რჩება.

მსგავსი/Related

Back to top button