
ახალი მემარჯვენეები საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ
საგაზაფხულოს სესიის დაწყებამდე ოპოზიციური პარტია ახალი მემარჯვენეები წერილობით მიმართავს ხელისუფლებას, სადაც ჩამოაყალიბებს საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებს, რამაც გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას უნდა შეუწყოს ხელი.
”ჩვენ ახლა ვყალიბდებით ამ საკითხებთან დაკავშირებით,”- განუცხადა Civil.ge-ს დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან მამუკა კაციტაძემ, ”თუმცა წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოთხოვნები ორ ნაწილად დაიყოფა. ერთი შეეხება საარჩევნო კოდექსში ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრას, რომელმაც თავი იჩინა საპრეზიდენტო არჩევნებზე და მეორე ნაწილში მოვითხოვთ ინსტიტუციურ და საკადრო ცვლილებებს საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სასამართლოში”.
”ხელისუფლების პასუხიდან გამომდინარე, განვსაზღვრავთ ჩვენ სამოქმედო გეგმას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით,”- აღნიშნა კაციტაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ახალი მემარჯვენეები თავიანთ წინადადებებს გააცნობენ ოპოზიციონერ პარტნიორებს.
ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ უკვე მიმართა პარლამენტს მოთხოვნით საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლის, თავისუფალი მედიისა და სასამართლოს უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ყველა საკითხი, რომელიც არჩევნების ორგანიზების საკანონმდებლო მხარეს უკავშირდება ოპოზიციასთან კონსულტაციების გზით უნდა გადაწყდეს.
”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად უფრო მომზადებული ვიყოთ, ვიდრე ვიყავით[საპრეზიდენტო არჩევნებზე],”- განუცხადა 23 იანვარს მაჭავარიანმა ტელეკომპანია ”მზეს”.