
”გამოასწორეთ საარჩევნო ნაკლოვანებები” – მიმართავს ბაროზო სააკაშვილს
საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები უნდა მოგვარდეს, რათა ”შეიქმნას პირობები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამოდენიმე თვეში დაგეგმილი არჩევნების უფრო სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად,” განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.
22 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში, ბაროზო მას ხელახლა არჩევას ულოცავს და აცხადებს, რომ ნოემბრის არეულობამ და ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ”საქართველოს წინაშე ჯერ კიდევ დგას ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა პოლიტიკურ სტრუქტურებში ჭეშმარიტი დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობა და სახელისუფლებო ინსტიტუტებში ძალაუფლების უფრო ეფექტიანად გამიჯვნა”.
კერძოდ, ბაროზოს მაგალითად მოჰყავს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური მოხსენება, სადაც ხაზგასმულია ადმინისტრაციული რესურსებისა და საარჩევნო კამპანიის გამიჯვნის ბუნდოვანება, დაუბალანსებული გაშუქება ტელევიზიით, პრობლემები ხმების დათვლისა და დაჯამების პროცესში და არასათანადო რეაგირება საჩივრებზე საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
”დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით,” მიმართავს ბაროზო სააკაშვილს, ”საქართველოს ახალი ადმინისტრაცია ბოლოდროინდელი საარჩევნო გამოცდილებიდან სათანადო დასკვნებს გააკეთებს, ასევე, აქტიურად დაიწყებს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებას, რომ შეიქმნას პირობები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამოდენიმე თვეში დაგეგმილი არჩევნების უფრო სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად. ეს აუცილებელია უფრო პლურალისტული და სახელმწიფოს ცხოვრებაში უკეთ ჩართული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობისა და ხალხში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად”.
ბაროზო ასევე მიესალმა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი იმ ერთგულების გამოხატულებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ საარჩევნო პროცესში გამოიჩინა.