იანუკოვიჩი არ აპირებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ კიევი არ აპირებს აღიაროს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
”მე არასოდეს მიღიარებია არც აფხაზეთი, არც სამხრეთ ოსეთი და არც კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს არღვევს საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს,”- განაცხადა მან, ”ინტერფაქსის” თანახმად, კიევში, მისი პრეზიდენტობიდან 100 დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
”საერთაშორისო კანონებისა და ნორმების თანახმად, აკრძალულია ამა თუ იმ სახელმწიფოს მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა. ჩვენ არ გვაქვს უფლება მივესალმოთ ამ პროცესებს მსოფლიოში,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” იანუკოვიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გამოყენების.
”მე არასოდეს მიღიარებია იმ ქმედებათა კანონიერება, რომლებიც არღვევდნენ ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრების მთლიანობას,”- განაცხადა მან, ”მე არასოდეს არ მიღიარებია, რომ სწორი იყო კოსოვოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება, აქედან დაიწყო ყველაფერი. და როცა დაიწყო კოსოვოზე გადაწყვეტილების მიღება, გატარდა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, ზუსტად მაშინ ვთქვი: ”და თუ კოსოვო ვაღიარეთ, მაშინ რატომღა არ აღიარებენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?”
დღემდე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)