
ოპოზიცია საარჩევნო უბნების ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს
ოპოზიციური კოალიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს გამოაქვეყნოს იმ საარჩევნო უბნებში ჩაწერილი ვიდეომასალა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება ამომრჩეველთა 100%-მდე მიახლოებული აქტივობა.
თუმცა ვიდეოკამერები ძირითადად დამონტაჟებული იყო ქალაქების საარჩევნო უბნებში, სარეგისტრაციო მაგიდასთან და საარჩევნო ყუთთან.
”ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას და ვითხოვთ ხელისუფლებისაგან გამოქვეყნებული იქნეს და ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენთვის, დამკვირვებლებისთვის და მედიისთვის ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც სამხრეთ საქართველოში იყო დამონტაჟებული და ამომრჩეველთა ყველა სია… ეს არის ძალიან მარტივი გზა, რომლითაც მყისიერად შეიძლება იქნეს დადგენილი რეალური სურათი”, – განაცხადა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეს თხოვნა კუკავამ დღეს ევროკომისიის და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და აშშ-ს ელჩთან გამართულ შეხვედრაზეც გაახმოვანა.
კობა დავითაშვილმა, ხალხის პარტიის ლიდერმა, რომელიც ასევე შედის ოპოზიციურ კოალიციაში, განაცხადა, რომ მხოლოდ ეს თემა შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების საგანი.
ოპოზიცია ასევე აპირებს ამ ვიდეო ჩანაწერების და სიების ხელმისაწვდომობა სასამართლოს გზითაც მოიპოვოს.
იმავდროულად, ოპოზიციური კოალიცია ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს სარჩელს 5 იანვრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით. ცესკო-ს საბოლოო გადაწყვეტილებით, არჩევნებში გამარჯვებულად მიხეილ სააკაშვილი ხმათა 53.47%-ით გამოცხადდა, ხოლო ლევან გაჩეჩილაძემ – 25.69% მიიღო.
ოპოზიცია, რომელიც გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს, ამ შედეგებს არ ენდობა და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. კუკავას განცხადებით, კოალიციის მონაცემებით სააკაშვილს რეალურად ამომრჩეველთა 35%-მა დაუჭირა მხარი.