
გადაწყვეტილებები არა მიტინგის, არამედ დიალოგის გზით მიიღება – ბურჯანაძე
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას კონსულტაციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გადაწყდეს არა ქუჩაში, არამედ მოლაპარაკებათა მაგიდასთან.
”მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს და ქვეყანა დაემსგავსოს ქვეყანას, როცა გადაწყვეტილებები მიიღება არა ქუჩაში არამედ გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე მზად ვარ ეს კონსულტაციები გავაგრძელო. ახლაც, ბუნებრივია, გარკვეულწილად ეს კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენ საბოლოოდ მივალთ იმ შედეგამდე, რომელიც სწორია,”- განუცხადა ბურჯანაძემ 14 იანვარს ჟურნალისტებს.
მან ასევე კომენტარი გააკეთა 13 იანვარს თბილისის ცენტრში ოპოზიციური კოალიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე, სადაც ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა არჩევნების შედეგები.
”ხალხი იყო მიტინგზე, ამაზე თვალის დახუჭვას ნამდვილად არავინ არ აპირებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო იმ ციფრთან მიახლოებულიც კი, რასაც ამბობენ ჩვენი ოპონენტები,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პატივსაცემია, ჩვენი ნებისმიერი რაოდენობის მოქალაქეების აზრი, მაგრამ რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში არ შეიძლება მიიღებოდეს, ისევე როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, იქედან გამომდინარე რამდენი მიტინგი მოეწყობა ან რამდენი ადამიანი გამოხატავს თავის პროტესტს მიტინგზე”.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა დაინიშნოს მეორე ტური მათ კანდიდატს ლევან გეჩეჩილაძეს, რომელმაც ხმათა 25% მიიღო არჩევნებში და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც ცესკო-მ ოფიციალურად გამოაცხადა მეორე ვადით არჩეულად ხმათა 53%-ით. ოპოზიცია ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას აპირებს სასამართლოში.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კანონის სრული შესაბამისობით იყო გამოცხადებული არჩევნების შედეგები, რომელსაც სასამართლოში შესული საჩივრები ”ნამდვილად ვერ შეცვლის”. მას მხედველობაში ჰქონდა საჩივრები, რომლებიც სასამართლოში არჩევნების შედეგების შეჯამების პარალელურად იყო შესული
”არის გარკვეული საჩივრები შეტანილი სასამართლოში მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგს ნამდვილად ვერ შეცვლის ეს საჩივრები, რა თქმა უნდა ჩვენ, უფრო სწორად, სასამართლო ვალდებულნი ვართ, რომ ნებისმიერი საჩივარი იყოს ძალიან სერიოზულად განხილული და არგუმენტირების შემთხვევაში დაკმაყოფილებულიც,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ეს განცხადებები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბურჯანაძე ასევე შეხვდა ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს, რომელიც მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი შუალედური დასკვნის გამოქვეყნებას გეგმავს არჩევნებთან დაკავშირებით.