ახალი ამბები

თარხნიშვილი უარყოფს განცხადებებს ”შემაჯამებელი ოქმების გაყალბების” თაობაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც გაამყარებდა მათ განცხადებებს შემაჯამებელი ოქმების გაყალბების თაობაზე.


”ოპოზიციურმა პარტიებმა ამ ტიპის მხოლოდ 27 ოქმი წარმოადგინეს; თუმცა, ამ ოქმების სარწმუნოება ძალიან საეჭვოა,” – განაცხადა თარხნიშვილმა 13 იანვარს, ”მაგრამ ეს ოქმებიც რომ გაგვეთვალისწინებინა – რომლებიც, ვიმეორებ, სარწმუნო არ იყო – ეს საერთო სურათს მხოლოდ 0.3%-ით შეცვლიდა… მიხეილ სააკაშვილმა ხმების 53% მიიღი; ამიტომ, ეს ვერაფერს ვერ შეცვლიდა”.


თუმცა, თარხნიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ცესკო-მ გააბათილა შემაჯამებელ ოქმები ექვსი უბნიდან მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ გარკვეული შეუსაბამობები იყო უბნების ოქმებს და ზედა დონეების კომისიების ოქმებს შორის. ”ამჟამად, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და დაისჯებიან ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ ოქმებში ცვლილებების შეტანაზე,” – განაცხადა თარხნიშვილმა.


მან ასევე უარყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ ცესკო-მ დაარღვია კანონი, როდესაც 13 იანვარს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ცესკო-ს მიერ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების დროს, სასამართლოში საია-ს მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა დასრულებული არ იყო. ”საარჩევნო კოდექსის 64 მუხლის მიხედვით აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე,” აცხადებს ორგანიზაცია.


თუმცა, თარხნიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იყო დარღვევა, რადგანაც იგივე კოდექსი უფლებამოსილებას ანიჭებს ცესკო-ს დაამტკიცოს შემაჯამებელი ოქმი არჩევნების დღიდან რვა დღეში, რაც 13 იანვარს უწევდა.   

Back to top button