
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკო-ს აკრიტიკებს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) უარი თქვა არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების განხილვაზე, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 13 იანვარს.
საია-მ, რომელსაც 400 დამკვირვებელი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ხელვაჩაურის უბნებში, 230 საჩივარი წარუდგინა საარჩევნო ადმინისტრაციებს და დღემდე მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა (ქუთაისის საოლქო კომისიაში). ”კოდექსის უკანონო ინტერპრეტაციით ცესკომ უარყო საიას ყველა საჩივარი არსებითად განხილვის გარეშე. ამასთან ერთად, საჩივრების პროცედურული მოტივით უარყოფასთან ერთად, ცესკო საკუთარი ინიციატივითაც არ დაინტერესებულა კონკრეტულ უბნებზე აღმოჩენილი დარღვევებით,” – ნათქვამია საია-ს მიერ 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ცესკო-ს მიერ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების დროს, სასამართლოში საია-ს მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა დასრულებული არ იყო. ”საარჩევნო კოდექსის 64 მუხლის მიხედვით აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე,” აცხადებს ორგანიზაცია.
”საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საჩივრების არსებითად განხილვაზე უარის თქმით და მთელი რიგი საარჩევნო ოლქების უკანონო შეჯამებით ხელყო კანონის უზენაესობის პრინციპი, რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ცნობისათვის,” – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მან განსხვავებები აღმოაჩინა ზოგიერთი უბნის (ბათუმსა და ხელვაჩაურში) შემაჯამებელ ოქმს და მოგვიანებით საოლქო კომისიების და ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს შორის.
ამ შეფასებებისაგან განსხვავებით, საია არჩევნების დღეს ძირითადად დადებით შეფასებებს აკეთებდა. 7 იანვარს ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მიუხედავად რიგი პროცედურული დარღვევებისა არჩევნების დღეს, საერთო ჯამში, არჩევნები მასიური დარღვევების გარეშე ჩატარდა.