
ძიძიგური საერთაშორისო დამკვირვებლებს, ბიზნესმენებს აკრიტიკებს
დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ”უფრო ჭკვიანურად უნდა მოქცეულიყვნენ” და არ უნდა გამოქვეყნებინათ ძირითადად დადებითი შეფასებები 5 იანვრის არჩევნების შესახებ.
”ამგვარი განცხადებების გაკეთება იმის ტოლფასია, რომ მოატყუო საქართველოს 950 000 მოქალაქე, რომელთაც ლევან გაჩეჩილაძეს მისცეს ხმა,” – განაცხადა ძიძიგურმა, თან იქვე დასძინა, რომ ”ეუთოს დამკვირვებელთა უმეტესობა მთვრალი იყო” და გულგრილად ეკიდებოდა თავის საქმეს.
12 იანვარს ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში საუბრისას ძიძიგურმა ქართველი ბიზნესმენებიც გააკრიტიკა, მისი თქმით, სააკაშვილის კამპანიის დაფინანსების გამო.
”თქვენ ხომ არ გაგიჟდით,” – მიმართა მან ბიზნესმენებს და შემდეგ დააკონკრეტა: “თემურ ჭყონია [საქართველოში კოკა-კოლას პრეზიდენტი], ჩვენ ვყიდულობთ შენს კოკა-კოლას და შენ ამ ფულს სააკაშვილს აძლევ? ტვინი არ გაქვს თავში? რას აკეთებ? არ გემუქრებით”, თუმცა იქვე დასძინა: ”გეშინოდეთ ჩვენი. თქვენ არ გაქვთ უფლება სააკაშვილისთვის გამოიყენოთ ის ფული, რომელსაც ჩვენგან შოულობთ”.
მოგვიანებით, იმავე გადაცემაში საუბრისას დეპუტატი დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკური პარტიიდან შეეცადა შეერბილებინა მისი კოლეგის განცხადებები და აღნიშნა, რომ ”ეუთოს სადამკვირვებლო მისია იყო ყველაზე სერიოზული ჯგუფი” საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის.