
ბურჯანაძე ადასტურებს სააკაშვილი-გაჩეჩილაძის შეხვედრის ფაქტს
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ”ძალიან პოზიტიურად” აფასებს საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი მოწინააღმდეგეების მიხეილ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრის ფაქტს. მისი თქმით, შეხვედრა რომ შედგა, ”გასაკვირი ამაში არაფერია”.
შეხვედრის ფაქტი ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 10 იანვარს გაახმაურა ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ თოქ-შოუში პირდაპირ ეთერში საუბრისას და იქვე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის ამომრჩევლისთვის დამალვა არ შეეძლო. მისი თქმით, შეხვედრა ნინო ბურჯანაძის ინიციატივით შედგა, რომელზეც მან გააფრთხილა სააკაშვილი, რომ არ დაიხევს უკან არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
”მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა და დიალოგი შედგა,”- განუცხადა დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს, ”ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ განსხვავებული შეხედულებებისდა მიუხედავად, პოლიტიკურ ლიდერებს ნამდვილად ძალიან კარგად ესმით რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს არა მარტო ჩვენი მომხრეების, არამედ ოპონენტების მიმართაც, მთლიანად ქვეყნის მიმართ”.