ახალი ამბები

შსს-ს საგზაო მოძრაობის წესების ზოგიერთ დარღვევაზე ჯარიმებს ამცირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესების მსუბუქ დარღვევებზე გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობას ამცირებს. 


”ეს არის ჩვენის მხრივ მადლიერების გამოხატულება, რომ მძღოლებმა სამინისტროსთან ერთად შექმნან კანონის მიმართ ახალი და ძალიან სწორი დამოკიდებულება”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის გამო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ჯარიმა შემცირდება 170 ლარიდან 70 ლარამდე; მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობაზე – 20-დან 10 ლარამდე; სატრანსპორტო საშუალების სამართავად მართვის უფლების არ მქონე პირისთვის გადაცემაზე – 200-დან 50 ლარამდე; სამართალდარღვევაზე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 300-დან 100 ლარამდე; მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებაზე – 100-დან 30 ლარამდე; საავარიო ვითარების შექმნაზე ან მოძრაობის შეფერხებაზე – 200-დან 60 ლარამდე; აკრძალულ ადგილზე ავტომობილის გაჩერებაზე – 40-დან 10 ლარამდე; ავტოსატრანსპორტო საშუალებით განსაზღვრულზე მეტი ტვირთვის გადაზიდვაზე  – 1000-დან 500 ლარამდე თითოეულ ტონა ზედმეტ ტვირთზე.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

Back to top button