ახალი ამბები

საქართველოს არ სჭირდება მტრული ურთიერთობა რუსეთთან – მაისაშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა გია მაისაშვილმა განაცხადა, რომ მან რუსეთში გაკვალა ”ახალი გზა” იმ ძალებთან, რომელიც ქმნის ამინდს რუსულ პოლიტიკაში და ამცნო, რომ ”ახალი თაობა მოდის ქართულ პოლიტიკაში”.


ეს განცხადება მაისაშვილმა 10 იანვარს ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა მოსკოვიდან, სადაც რამდენიმე დღეა უკვე იმყოფება. მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან გამართა შეხვედრები მოსკოვში.


”რატომ ვარ რუსეთში? რუსეთში ვარ იმიტომ, რომ ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ ყოფნა,”- განაცხადა მაისაშვილმა, ”პარტნიორებს კი არ ვეძებ [რუსეთში,] არამედ ჩემს ქვეყანას სჭირდება ისეთი რუსეთი, ისეთი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც არ იქნება მტრული, რომელიც აღადგენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც აღადგენს პოლიტიკურ ურთიერთობას და ნორმალურ საგარეო პოლიტიკურ პარტნიორობას, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ მთელი რიგი პრობლემები”.


მისი თქმით, აქამდე რუსეთში ნაჩვევი იყვნენ ურთიერთობას ორი ტიპის ქართველებთან: მათივე აგენტებთან ან პატარა ქვეყნის სინდრომით დაკომპლექსებულ პოლიტიკოსებთან. 


”ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა უნდა მოხდეს ისეთ ღირსეულ დონეზე, სადაც არა პატარა ქვეყნის სინდრომი გაქვს და არა მოღალატის სინდრომი, არამედ შენი ქვეყნის შვილი, რომელიც ესაუბრები თანასწორს, რომელსაც მიუთითებ ახალ გზებზე, არა ჩასაფრებიდან, არა მტრული პოზიციებიდან, არამედ ლაღად, უშიშრად, უხიფათოდ, ღიად, პატიოსნად გახსნილად და ეუბნები, რომ ახალი თაობა მოდის ქართულ პოლიტიკაში, რომლებმაც უნდა შექმნან ახალი პოლიტიკური კულტურა, ახალი სახელმწიფოებრივი მოდელი უნდა ჩამოაყალიბონ საქართველოში და უნდა უთხრან რუსებს, რომ საქართველოსთან მტრობა რუსეთისთვისაც არ არის კარგი,”- განაცხადა მაისაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს იმ პრეზიდენტთან თანამშრომლობას დათანხმდება, რომელიც ლეგიტიმურად იქნება არჩეული. ”მე მგონია, რომ ასეთი პრეზიდენტი იქნება ლევან გაჩეჩილაძე,”- დასძინა მან.

მაისაშვილმა წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ხმათა 0,78% მიიღო. მან დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს.

Back to top button