ახალი ამბები

საია საარჩევნო ადმინისტრაციას აკრიტიკებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს აკრიტიკებს, რადგან ისინი განხილვის გარეშე უარყოფენ ორგანიზაციის მიერ წარდგენილ საჩივრებს.  თუმცა საპასუხოდ ცესკო-ში აცხადებენ, რომ საია არა დამკვირვებელ ორგანიზაციას, არამედ მხარეს წარმოადგენს.


”ეს არის სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები – საოლქო საარჩევნო კომისიები და ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებითადაც არ იხილავენ ჩვენ საჩივრებს, უარყოფენ მათ და განხილვის გარეშე ტოვებენ,”- განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. 


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე ხაზი გაუსვა იმ განსხვავებებს, რომელიც საუბნო კომისიის ოქმების ასლებსა და საოლქო კომისიაში წარდგენილ იმავე ოქმებს შორის არსებობს.


”ჩვენი ორგანიზაცია აკვირდებოდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენ ხელთ გვაქვს ჩვენი დამკვირვებლების მიერ ოფიციალურად მოპოვებული ოქმების ასლები საუბნო საარჩევნო კომისიებიდან და ჩვენ ვაფიქსირებთ განსხვავებებს იმ ოქმებისა, რომელიც წარდგენილი იქნა საოლქო საარჩევნო კომისიებში,”- განაცხადა ჩხეიძემ.


ამ განცხადებების საპასუხოდ ცესკო-ს მდივანმა გიზო მჭედლიძემ საია-ს ”დაინტერესებული მხარე” უწოდა.


”დამკვირვებელი ორგანიზაცია დაკავებული უნდა იყოს დაკვირვებით და მან საბოლოო დასკვნა მერე უნდა დაწეროს. მე როგორც ვატყობ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ არის დამკვირვებელი ორგანიზაცია, არამედ ის არის მხარე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,”- განაცხადა მჭედლიძემ,


პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 8 იანვარს საია ასევე მოიხსენია, როგორც რესპუბლიკური პარტიის გაგრძელება. თუმცა მიუხედავად ამისა, განაგრძო მან, მათაც კი აღიარეს, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა.


იმავდროულად, საარჩევნო დავების განხილვა უკვე დაიწყო საერთო სასამართლოებში. ამ დროისათვის 6 საქმეა განხილული, თუმცა 4-ზე არსებითი განხილვა არ მომხდარა გასაჩივრების ვადების დარღვევის გამო. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, სულ ქვეყნის მასშტაბით 29 სხვადასხვა სახის საარჩევნო დავაა შესული სასამართლოებში, რომელთა განხილვაც დღეიდან იწყება.

Back to top button