
სარიშვილი ნეიტრალიტეტზე რეფერენდუმის ინიციატივით გამოდის
ირინა სარიშვილი, პარტია ”იმედის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში ხმათა 0,19% დააგროვა, საქართველოს ნეიტრალიტეტის თაობაზე რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოდის.
”რამდენიმე დღეში ჩვენ ცესკო-ს მივმართავთ განცხადებით მოგვცეს სპეციალური ბლანკები რეფერენდუმისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად – ამ რეფერენდუმის თემა იქნება ნეიტრალიტეტი,”- განუცხადა 11 იანვარს სარიშვილმა ჟურნალისტებს, ”თუ უარს მივიღებთ ცესკო-დან, ჩვენ არალეგალურად მილიონ ნახევარზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას შევძლებთ ნეიტრალიტეტის მოთხოვნით – ეს არ არის არც ამერიკასთან წინააღმდეგობა და არც რუსეთთან”.
ეს განცხადება სარიშვილმა დღეს აშშ-ს ელჩთან ჯონ ტეფტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იგი ერთადერთი კანდიდატია საპრეზიდენტო მარათონში, რომელიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.
პლებისციტზე, რომელიც ნატოში ინტეგრაციის საკითხზე 5 იანვარს ჩატარდა, ცესკო-ს ჯერ არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ეგზით პოლის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეთა 61%-მა დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ნატოში.