ახალი ამბები

ოპოზიციამ ნაგავსაყრელზე გადაყრილი ბიულეტენები წარმოადგინა

ოპოზიციურმა კოალიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ დააფიქსირეს ფაქტი, თუ როგორც გამოიტანეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია და გაატანეს ნაგვის მანქანას.


ეს ფაქტი ცესკო-ს შენობის წინ შენიშნეს თანასწორობის ინსტიტუტიდან და ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებმა მაშინ, როცა ისინი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ.


მოგვიანებით, მათ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს ბიულეტენები, რისი დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც წარმოადგინეს პრესკონფერენციაზე. მათ ასევე წარმოადგინეს ბათუმის ხუთი უბნის დალუქული საარჩევნო დოკუმენტაციის პაკეტები და გლდანის ოლქიდან 1 უბნის დოკუმენტაცია. ჟურნალისტების თანდასწრებით გაიხსნა ერთი პაკეტი, სადაც აღმოჩნდა დამატებითი სიების მოწითალო შეფერილობის კონვერტები, ხოლო ერთ-ერთი კონვერტის გახნისას, მასში აღმოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის ბიულეტენები.

კახა კუკავამ, დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან, ამ ფაქტის გამოძიება მოითხოვა. მისი შეფასებით, მცდელობა ჰქონდა არჩევნების დღეს გამოყენებული ზედმეტი ბიულეტენების ”თავიდან მოშორებას”, რათა მიცემულ ხმებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს შორის არსებული დისბალანსი აღმოფხვრილიყო.


”ეს ბიულეტენები იყრება ნაგავში იმისათვის, რომ ვერც ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ვერც ერთმა ადგილობრივმა სასამართლომ ვერასდროს ვერ შეძლოს სააკაშვილის და თარხნიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგების შემოწმება,”- განაცხადა კახა კუკავამ, ”აი ამ მასალების განადგურება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ უნდა მომხდარიყო ხმების გადათვლა”.


ოპოზიციის ეს ბრალდებები უარყო ცესკო-ს სპიკერმა ირაკლი ფორჩხიძემ და განაცხადა, რომ კონვერტები, რომელიც მართლაც გადაიყარა, ცარიელი იყო. მისი თქმით, ეს იმ დამატებითი სიების კონვერტებია, რომელსაც ცესკო სამი დღის განმავლობაში ითვლის. ამ ხმების რაოდენობა დაახლოებით 38 ათასია.


”აღნიშნული კონვერტები მას შემდეგ, რაც ამოღებულია შესაბამისი ბიულეტენი, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლო ნაგავს,” – დასძინა ფორჩხიძემ.

Back to top button