
ბადრი პატარკაციშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
პრეზიდენტობის კანდიდატს და ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს ბრალი წაეყენა შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადებაში, იტყობინება 10 იანვარს გენერალური პროკურატურა.
”ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის გამო მიღებული იქნა დადგენილება არკადი პატარკაციშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ,”- აცხადებს პროკურატურა.
25 დეკემბერს პროკურატურამ გამოაქვეყნა ფარული აუდიო ჩანაწერები პატარკაციშვილის წინააღმდეგ. აუდიო ჩანაწერის ერთ-ერთი მონაკვეთის მიხედვით: პატარკაციშვილი სთავაზობდა სოდ-ის უფროსს ერეკლე კოდუას 100 მლნ აშშ დოლარს არჩევნების შემდგომის არეულობის დროს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განეიტრალების სანაცვლოდ. მოგვიანებით, ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ მან მართლაც შესთავაზა ეს თანხა, თუმცა მისი თქმით, მისი განზრახვა იყო სისხლისღვრის თავიდან აცილება არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების შემთხვევაში.
იმის გამო, რომ პატარკაციშვილი საქართველოში არ იმყოფება, სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრებს განუმარტავენ, რომ იგი ბრალდების წარსადგენად უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში.
იმავდროულად, პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაყადაღებულია პატარკაციშვილის პირადი საბანკო ანგარიში “სტანდარტ ბანკში”.
9 იანვარს პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბმა გამოთქვა პრეტენზიები, რადგან საბანკო ანგარიშების გაყინვის გამო ისინი ვერ ახერხებენ ხელფასების გაცემას აქტივისტებზე.