
პრემიერ-მინისტრი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრობს
ლადო გურგენიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ამზადებს მასშტაბურ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ორ საკვანძო საკითხს შეეხება – ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოსაყალიბებლად ყველა საბაჟო და საგადასახადო ნიუანსის დახვეწას და საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ცენტრად გადაქცევას.
მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილი იქნება ასევე ბიუჯეტის პროფიციტის დაკანონება.
”ამასთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხია შექმნა ორი ფონდისა: მომავალი თაობების ფონდისა და სტრატეგიული განვითარების ფონდისა, რომელშიც ეს პროფიციტი იქნება აკუმულირებული და მართული ქვეყნის საკეთილდღეოდ და მათ შორის იმ სარეაბილიტაციო და საინტეგრაციო ხარჯების გასაწევად, რაც უნდა მოყვეს ჩვენ ტერიტორიულ გამთლიანებას,”- განაცხადა გურგენიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გეგმებს, რომელიც ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის, გაძლიერებას უკავშირდება.
”ცალსახად და მკაფიოდ ყალიბდება ეროვნული ბანკის პრიორიტეტული ამოცანა – ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ძალიან მკვეთრად იზრდება მისი ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ ამ ამოცანის გადაჭრაში,”- აღნიშნა გურგენიძემ.
ცვლილებების მიხედვით, თუ წლიური ინფლაცია 10-12%-ის ფარგლებს ასცდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპირობოდ უნდა დატოვოს თანამდებობა. ცვლილებების ეს დეტალი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გაახმოვანა.