ახალი ამბები

ოპოზიცია სააკაშვილის შეთავაზებაზე კომენტარს აკეთებს

დეპუტატმა კახა კუკავამ, ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელმა კონსერვატიული პარტიიდან, განაცხადა, რომ არჩევნების კანონიერი შედეგების დადგენის მიზნით მისი პოლიტიკური გუნდი მზადაა ითანამშრომლოს მიხეილ სააკაშვილთან და ცნოს გამარჯვებული, მიუხედავად იმისა ვინ იქნება ის.


სააკაშვილმა, რომელიც წინასწარი ოფიციალური მონაცემებით ცესკო-მ დღეს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულად გამოაცხადა, 8 იანვარს განაცხადა, რომ მზადაა შესთავაზოს პოლიტიკურ ოპონენტებს ადგილები მთავრობაში.


თუმცა ოპოზიციას ეჭვი შეაქვს სააკაშვილის გამარჯვებაში და დარღვევების გასაჩივრების გზით მისი ხმების გაბათილებას აპირებს. ოპოზიციური კოალიციის მიზანია მეორე ტური გაიმართოს მათ კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის.


”თუ მიხეილ სააკაშვილს მართლაც სურს გადადგას ნაბიჯი საკუთარი ხალხისკენ და გადადგას ნაბიჯი ოპოზიციისკენ, ჩვენ პირველი რაზეც უნდა შევთანხმდეთ და რაზეც ჩვენ მზად ვართ მართლაც მივიღოთ მისი  წინადადება არის ის, რომ უნდა მოხდეს პარიტეტის საფუძველზე, ერთობლივად არჩევნების შედეგები გადახედვა, ხმების ხელახლა დათვლა, შემოწმება და არჩევნების კანონიერი შედეგების დადგენა და ჩვენ მზად ვართ ვცნოთ ეს კანონიერი შედეგები, მიუხედავად იმისა ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ დამარცხებული,”- განუცხადა კახა კუკავამ ”რუსთავი 2”-ს.


ოპოზიციური ახალი მემარჯვენეები ასევე თავს იკავებენ სააკაშვილთან თანამშრომლობაზე, სანამ ის არჩევნების მეორე ტურში ”ღირსეულად” არ გაიმარჯვებს.


”ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად იქნება ნებისმიერ თანამშრომლობაზე, თუ მიხეილ სააკაშვილი აღიარებს იმას, რომ ღირსეულ ორთაბრძოლაში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ღირსეულად დაამტკიცოს, რომ ის მართლაც არის ამ ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი,”- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ, დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან. 

Back to top button