ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია 13-18 იანვარს მანიფესტაციებს გეგმავს

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს,  13-18 იანვარს მანიფესტაციის გამართვას გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნების ”კანონიერი შედეგების” გამოცხადების მიზნით.


ოპოზიცია შესაბამისი ნებართვის მისაღებად თბილისის მერიას მიმართავს. მანიფესტაციების რუსთაველის გამზირზე იგეგმება.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 13 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა გამოაცხადოს.


ამ დროისთვის ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3 070 უბნიდან მიღებული შედეგების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ხმების 52%-ზე ოდნავ მეტი მიიღო, ხოლო გაჩეჩილაძემ დაახლოებით 25%. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების მანიპულირების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა.


იმავდროულად, გაჩეჩილაძის მომხრეები 9 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შიმშილობის აქციას იწყებენ. მათი მთავარი მოთხოვნებია: ოპოზიციის წინააღმდეგ ”მედია-ტერორის” შეწყვეტა და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა.

Back to top button