ახალი ამბები

ტყეშელაშვილმა ოპოზიციის ქმედებას ცესკო-ში ”სამართალდარღვევა” უწოდა

იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ოპოზიციის და მათი პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ქმედებები იყო ”შანტაჟის მცდელობა” და ”აშკარა სამართალდარღვევა”.


მისი თქმით, ”არავის და არაფერს არ მიეცემა შესაძლებლობა მოახდინოს არამართლზომიერი ზეგავლენა დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაზე [ცესკო]”.


ეს კომენტარი ტყეშელაშვილმა, რომელიც იმავდროულად სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ცესკოში განვითარებული მოვლენების შემდეგ გააკეთა, როცა ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილს არჩევნების ”გაყალბების” მცდელობის გამო ”თაღლითი” უწოდეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.


”ბუნებრივია, ეს არის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური ფაქტი, იმ მხრივ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ასეთ აშკარა სამართალდარღვევას ახორციელებენ, რითაც ისინი არა მარტო ქვეყნის იმიჯს ლახავენ -გარკვეულწილად მის დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს, არამედ ქართველი ხალხის შეურაცხყოფასაც წარმოადგენდა ეს ქმედებები,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა.


მან ასევე პასუხი გასცა ოპოზიციის პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები მათი წევრების იგნორირებას ახდენენ.   ტყეშელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს საუბნო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში სრულად მიუწვდებათ ხელი ნებისმიერ დოკუმენტზე და თავადაც არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილენი.


”უბნის კომისია და ცესკო გადაწყვეტილებას იღებს, როგორც კოლეგიალური ორგანო… და შესაბამისად  ისეთი იმიჯის წარმოსახვა, რომ თითქოს ისინი არ არიან ამ პროცესის მონაწილენი და თითქოს ერთ ადამიანს [ცესკოს თავმჯდომარეს] აქვს რამე გადამწყვეტი როლი კომისიის მუშაობაში, არის აბსოლუტურად მცდარი,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა.



 

Back to top button