ახალი ამბები

მმართველი პარტიის დეპუტატი პატარკაციშვილის სცენარის ამოქმედებაზე საუბრობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ სამართლებრივი ბრძოლის ნაცვლად, ”ზეწოლის და ძალადობის” გზა აირჩია, რაც მისი თქმით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სცენარის ნაწილია.


ბეჟაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს ოპოზიციური კოალიციის ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, ცესკო-ს თავმჯდომარის კაბინეტში ხმაურით შევიდნენ, ლევან თარხნიშვილის გადადგომა მოითხოვეს და საარჩევნო ოქმებში მონაცემების ”გაყალბების” გამო მას ”თაღლითი” უწოდეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ხელთ აქვთ საუბნო კომისიის ოქმების ასლები, რომლის მონაცემები განსხვავდება ცესკო-ში არსებული იგივე ოქმების მონაცემებისაგან. ოპოზიცია აცხადებს, რომ შედეგების გაყალბება საოლქო კომისიებში ხდება, სადაც მათ წარმომადგენლები არ ჰყავთ.

ბეჟაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ოქმები საუბნო კომისიის მათივე წევრების მიერ იყოს ფალსიფიცირებული.


”ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის კომისიის წევრები, რომლებიც მათ ჰყავდათ საუბნო საარჩევნო კომისიებში, ალბათ მათ მიერ არის შექმნილი რაღაც ფაბრიკაცია და მიმდინარეობს პატარკაციშვილის სცენარის განვითარება, როდესაც საუბარი იყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე, რომ ორი ტომარა ვითომდა ბიულეტენები სჭირდებოდათ  ხუთიანებით შემოხაზული, რომ შემდგომ ამ ვითომდა გაყალბებული ორი ტომარა ბიულეტენების საფუძველზე ხალხის მღელვარება უნდა გამოეწვიათ. მიმდინარეობს კვლავ და კვლავ ეს სცენარი,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.


მან ეს განცხადება ბადრი პატარკაციშვილის გახმაურებულ აუდიო ჩანაწერის საფუძველზე გააკეთა, სადაც ის სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე საუბრობს.


ბეჟაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ცესკო საუბნო კომისიების ოქმების საფუძველზე ითვლის არჩევნების შედეგებს და ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა  ნებისმიერი პრეტენზია გაასაჩივროს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე სასამართლოში.


”თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა ფორმით მიდიან: ცესკოში შემოჭრით, ძალადობით, ზეწოლის განხორციელებით და ა.შ.,”- განაცხადა ბეჟაშვილმა, ”არცერთ ქვეყანაში ასეთ ძალადობრივ მეთოდებს შედეგი არ გამოუღია და ბუნებრივია, ჩვენთანაც ვერ გამოიღებს”.   


მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის გაღიზიანება ასევე გამოიწვია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნამ, რომ არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.


”უკვე საკმაოდ ბევრი ევროპული და სხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა აღიარეს არჩევნების შედეგები, შესაბამისად, ეს იწვევს მათ გაღიზიანებას და მიმართავენ უკიდურეს ფორმებს, რაც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს,”- აღნიშნავს ბეჟაშვილი.    

Back to top button