ახალი ამბები

ოპოზიციურმა კოალიციამ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა მისივე კაბინეტში მოითხოვა

პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და ოპოზიციური კოალიციის სხვა ლიდერები დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში შევიდნენ და ლევან თარხნიშვილის გადადგომა მოითხოვეს იმის გამო, რომ მათი განცხადებით, ის არჩევნების შედეგებს აყალბებს.


”შენ გააყალბე არჩევნები, აყალბებ და შენ ხარ დამნაშავე მთელი ქართველი ხალხის წინაშე. და ამის გამო შენ დაისჯები – ამ სიტყვას მე გეუბნევი,”- განუცხადა აღელვებულმა გაჩეჩილაძემ ცესკოს თავმჯდომარეს.


”ახლა გადმოიღე და მოგვეცი ის ოქმები, რომელსაც აყალბებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოქმები, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრებს და იმ ოქმებით ჩვენ ვართ გამარჯვებულები,” – განაგრძო მან, ”ახლა გამოიღე ის ფაქსი, რომელსაც არავის არ ანახებ აქ და მარტო შენ იღებ ინფორმაციებს. ახლა მოიწვიე ოპოზიციური კომისიის წევრები და იმის თანდასწრებით ვილაპარაკოთ”.


თარხნიშვილის კაბინეტში მიმდინარე საუბარს მას-მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  


თარხნიშვილმა მომხდარს მის კაბინეტში ოპოზიციის ”დაუპატიჟებელი შემოჭრა” უწოდა.


”შენ არ გვპატიჟებ , ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ რომ გესტუმროთ,”- უპასუხა გაჩეჩილაძემ.


მან ასევე პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ ოქმების შეჯამება ცესკოში კომისიის ოპოზიციური წევრების მალულად ხდება.  


”შენ არასდროს არ ელაპარაკები [ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს], ატყუებ, საქმეში საერთოდ არ ახედებ და ჩვენ წევრებს კი არა მთელ საქართველოს ატყუებ ბიჭო, გრცხვენოდეს შენ ხარ  ტიპიური თაღლითი… შენ უნდა დატოვო საერთოდ ეს კაბინეტი თუ არა და დაგატოვებინებ, ძმაო,”- უთხრა გაჩეჩილაძემ თარხნიშვილს, რომელმაც მიუგო: ”მე თქვენი არჩეული არ ვარ, ასე რომ… მე ვარ პარლამენტის არჩეული”.


”შენ ხარ ბოკერიას არჩეული,”- იყო გაჩეჩილაძის რეპლიკა, ”ნამუსი შენ არა გაქვს, სინდისი შენ არა გაქვს, შენ გიყვარს ბიჭო ქვეყანა? თქვენ ხართ ეშმაკის მოციქულები სულ ყველა”.


ოპოზიციის განცხადებით, მათ ხელთ აქვთ საუბნო კომისიის წევრების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან, ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმების ასლები, რომელთა ”გადაწერაც ხდება საოლქო კომისიებში” ამჟამად სააკაშვილის სასარგებლოდ.


ამ დროისათვის ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს ცესკო-ს შენობა. ლევან თარხნიშვილი კი მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს.

Back to top button