
ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა შედეგების ფალსიფიცირების მაგალითი წარმოადგინეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა დავით ბარდაველიძემ პარტია თავისუფლებიდან წარმოადგინა ბათუმის მე-11 უბნის შემაჯამებელი ოქმის ასლი, სადაც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიღებული აქვს 175 ხმა, თუმცა იმავე ოქმის დედანში სააკაშვილის ხმები 755-ს შეადგენს.
”დღეს დიდი პროტესტის შედეგად მოვიპოვეთ ეს ოქმი [დედანი], რომელიც ცესკო-შია,”- განაცხადა ბარდაველიძემ.
პრესკონფერენციაზე საუბრისას მან ასევე პრეტენზიები გამოთქვა ცესკოში გაუმჭირვალობასთან დაკავშირებით.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა ცესკო-ში ზურაბ მარაქველიძემ განაცხადა, რომ საუბნო ოქმების დედანსა და ქსეროასლებს შორის სხვაობები ფიქსირდება. ”საოლქო კომისიებიდან შემოსულია შეცვლილი ოქმები,”- განაცხადა მან.
ცესკოს თავმჯდომარემ ამ განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ”უხერხეულია” ქსეროასლების შედარება ორიგინალურ დოკუმენტაციასთან.
”ჩვენ ვებ–გვერდზე არ დევს არცერთი ციფრი, რომელიც არ არის იქვე მითითებული, თუ რომელი ოქმებიდან არის აღებული. ამ ოქმს აქვს ასევე ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა. მე მინდა შევახსენო, რომ ყველა კომისიაში არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის მათიც, ვინც დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა,”- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
კანონის თანახმად, საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი ჯერ იგზავნება საოლქო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდეგ ცესკო-ში. გარდა ამისა, უბნებზე ოქმების ქსეროასლების აღების უფლება აქვთ საარჩევნო სუბიექტებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს.