ახალი ამბები

პატივი ეცით არჩევნების შედეგებს – მიმართავს ევროკავშირი პარტიებს

ევროკავშირმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და ”კონსტრუქციული და დემოკრატიული პოზიცია დაიკავონ, რათა უზრუნველყონ საქართველოს წინსვლის გაგრძელება”.


ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ 7 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ელის ”საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს და მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, რომ ყველა საჩივარი ადექვატურად და სასწრაფოდ განიხილონ, რათა დაცული იყოს არჩევნების ლეგიტიმურობა”.


”ევროკავშირი ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების მშვიდობიან ჩატარებას და ეყრდნობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების შესახებ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები, თავისი არსით, თანმიმდევრული იყო, რომლის დროსაც დაცული იყო ეუთოს და ევროპის საბჭოს ვალდებულებები და სტანდარტები დემოკრატიული არჩევნების თაობაზე,” – ნათქვამია განცხადებაში, ”ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყოფილ იქნას წარმატებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოგვიანებით, წელს. კერძოდ, საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად პოლიტიკური კამპანიის პირობებში და მედიის თავისუფლებლისა და პლურალიზმის, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად”. 

Back to top button