ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას არჩევნებზე

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვრის არჩევნები შეაფასა, როგორც ყველაზე ”თავისუფალი და წარმატებული” აღნიშნა რა, რომ ”არასოდეს არჩევნებს ასეთი მაღალი დონის” შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლებისგან არ ჰქონია.


”ეს იყო ბრწყინვალე არჩევნები. მე მგონი, ყველამ ნახა, რომ ეს იყო ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, ყველაზე კონკურენტული, ყველაზე წარმატებული,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

”არასოდეს არჩევნებს ასეთი მაღალი დონის შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, მე ბევრი დამკვირვებელი მინახავს, ბევრი შეფასებები მინახავს, ბევრი მისია მინახავს. ახლა სპეციალურად ჩამოვიდა ძალიან კრიტიკულად განწყობილი ხალხი  იმიტომ, რომ ბევრი სისულელეები იწერებოდა საქართველოზე ბოლო თვეების განმავლობაში. ჩამოვიდა 1000-ზე მეტი დამკვირვებელი, რაც არის აბსოლუტური რეკორდი, დაახლოებით 6-ჯერ მეტი, ვიდრე უკრაინაში ჩამოვიდა წინა არჩევნებზე ერთ სულ მოსახლეზე, და მიუხედავად ამისა, შეფასება იყო უკიდურესად კეთილგანწყობილი. ე.ი ერთი განწყობით ჩამოვიდა ეს ხალხი და მეორე განწყობით წავიდა აქედან. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დემოკრატია და პოლიტიკური პროცესი შედგა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.        


ეს განცხადება სააკაშვილმა 7 იანვარს, ღამით სამების ტაძართან გააკეთა, სადაც შობის დღესასაწაულის აღსანიშნავ ლიტურგიას დაესწრო.


”ეს არის ზეიმი, როგორც საერთო ქრისტიანული, ისე ეროვნული ერთიანობის დღესასწაული, როცა ყველამ გვერდზე უნდა გადადოს თავისი განსხვავებები და პრობლემები,”- აღნიშნა მან.


ჟურნალისტის კითხვაზე: ”როგორც პრეზიდენტი ისე გვილოცავთ[შობას]?” სააკაშვილმა უპასუხა: ”ეგ ჰკითხეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას”.


ცესკოს წინასწარი პირველადი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში ხმათა 52.8%-ით პირველ ადგილზე გავიდა; ხოლო მეორე ადგილი ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს უკავია ხმათა 27%-ით. თუ ეს მონაცემები ძალაში დარჩა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საჭიროება აღარ იქნება.  

Back to top button