ახალი ამბები

სააკაშვილი ლიდერობს, მეორე ტურის ალბათობა ნაკლებია – ცესკო

საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს არჩევნებში და მეორე ტურის გამართვის საჭიროება აღარ იქნება, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.


6 იანვარს საღამოს 11 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას თარხნიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ხმათა 52.8%-ით პირველ ადგილზე გავიდა; ხოლო მეორე ადგილი ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს უკავია ხმათა 27%-ით.


”ამ შედეგების თანახმად საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ ყველაფერი მოთავებული იქნას პირველ ტურში, მაგრამ საბოლოო შედეგები შესაძლებელია შეიცვალოს და ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შეჯამებას,”- განაცხადა თარხნიშვილმა.


მისი განცხადებით, წინასწარი შედეგები ეყრდნობა 3 400 უბნიდან ცესკო-ში შესული ოქმების მონაცემებს ან უბნებიდან ზეპირად მიღებულ ინფორმაციას. თარხნიშვილის განმარტებით, ოქმების ნაწილი ცესკომ რთული მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით ან მაღალმთიანი რეგიონებიდან ვერ მიიღო. 


თარხნიშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემები არ ასახავს საზღვარგარეთ გახსნილი 40 საარჩევნო უბნის შედეგებს; ერაყიდან და კოსოვოდან, სადაც 2 100 ჯარისკაცი მსახურობს, 3 სპეციალური უბნის შედეგებს და 5%-ს დამატებითი სიების, რომელიც საუბნო კომისიებმა ცესკოს გაუგზავნეს დასათვლელად.


თარხნიშვილმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ საჩივრების, მათ შორის სასამართლოებში, განხილვის შედეგად შესაძლოა წინასწარი შედეგები კიდევ შეიცვალოს.


მისი თქმით, ოფიციალურის შედეგები 4-7 დღეში შეჯამდება. ამ პროცესის ბოლო ვადა 13 იანვარს იწურება.


წინასწარი შედეგების გამოცხადებისას ცესკოს თავმჯდომარემ არ დაასახელა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა, ასევე ბათილი ბიულეტენების ოდენობა, რაც ასევე ითვლება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას. მან ასევე არ გაახმოვანა პრეზიდენტობის დანარჩენი 5 კანდიდატის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა აღნიშნა, რომ მათი შედეგები 7%-ის ქვევითაა.


თარხნიშვილის პრესკონფერენციის დროს, ცესკო-ს ვებ-გვერდზე არსებული 3 512 უბნიდან მხოლოდ 1 264 უბნის შედეგები იყო გამოქვეყნებული.


საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებზე საუბრისას გერმანელმა დიპლომატმა დიტერ ბოდენმა, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია, განაცხადა გუშინ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ”შედეგები უფრო ნელა მოვიდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო”.  


ამასობაში, ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას უჭერს მხარს, უკვე გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ”პერმანენტულ საპროტესტო აქციებს” დაიწყებს, თუ სააკაშვილი  პირველ ტურში გაიმარჯვებს.


პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძემ 6 იანვარს განაცხადა, რომ სააკაშვილს მეორე ტურში მოუწევს გაჩეჩილაძესთან დაპირისპირება. ანალოგიური განცხადება გააკეთა გიორგი მაისაშვილმა. ამასობაში, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ორ თვეში განმეორებითი არჩევნების ჩატარება მოითხოვა და ამის მიზეზად უამრავი დარღვევა დაასახელა.

Back to top button