
სააკაშვილი ხმების 48.55%-ით ლიდერობს – ცესკო
მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ხმების 48.55%-ით პირველ ადგილზეა; მას მოსდევს ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ხმების 26.12%-ით.
ცესკოს ამ წინასწარი მონაცემებით, რომელიც 819 უბნიდან (სულ საქართველოს მასშტაბით 3 512 უბანია) მიღებულ შედეგებს ეყრდნობა, პირველი შემთხვევაა, როცა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის პროცენტი 50-ს ჩამოცილდა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კანდიდატის გამარჯვებისათვის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.
ამ დროისათვის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დანარჩენი კანდიდატები ადგილებს შემდეგნაირად ინაწილებენ: ბადრი პატარკაციშვილი – 7.5 %; შალვა ნათელაშვილი – 6.8 %; დავით გამყრელიძე – 3.88 %; გია მასაშვილი – 0.89 %; ირინა სარიშვილი – 0.17 %.
ცესკო მონაცემებს თავის ვებ-გვერდზე რეგულარულად ანახლებს.