
არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს – ლიტველი და ესტონელი დამკვირვებლები
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საერთო ჯამში იყო დემოკრატიული და სამართლიანი, განაცხადეს ლიტველმა და ესტონელმა დამკვირვებლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
”რამდენიმე რეგიონის, საარჩევნო უბნის და არჩევნების შემდგომი პერიოდის დაკვირვების შემდეგ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდა,” – განაცხადეს ესტონელ პარლამენტართა ჯგუფმა 6 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. ”მოვუწოდებთ ყველას აღიარონ გუშინდელი არჩევების დემოკრატიული პროცესის შედეგები”.
”კენჭისყრამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, მიუხედავად გარკვეული შეშფოთებისა და ცალკეული ინციდენტებისა,”- განაცხადა ლიტველ დამკვირვებელთა ჯგუფმა.
მათი თქმით, მათ დააფიქსირეს ისეთი ტიპის დარღვევები, როგორიცაა საარჩევნო უბნების საჭიროზე გვიან გახსნა, ასევე ფაქტები, როცა მოხუცები თანმხლები პირების თანდასწრებით აძლევდნენ ხმას.
”ოპოზიცია ყოველთვის აკრიტიკებს არჩევნებს, მაგრამ ჩვენ ისეთი დარღვევები, რომელიც გვათქმევინებდა, რომ ამან შეცვალა არჩევნების შედეგები ან ამომრჩეველთა ნება, ჩვენ ასეთი დარღვევები არ დაგვიფიქსირებია,”- განაცხადა ლიტველმა დამკვირვებელმა 93-კაციანი ჯგუფის სახელით.
არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია (ეუთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი) თავის წინასწარ მოხსენებას არჩევნების შესახებ 6 იანვარს, დღის 3 საათზე გამოაქვეყნებს.