
სააკაშვილი 50.8%, გაჩეჩილაძე 27,2% – სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლა
ხმების 50.8 % მიხეილ სააკაშვილმა დააგროვა, ხოლო ოპოზიციური კოალიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 27.2 %-მიიღო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით.
თავდაპირველად, კანდიდატ სააკაშვილის პროცენტული მაჩვენებელი 50.08% იყო, თუმცა სამართლიანმა არჩევნებმა განაცხადა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო.
დანარჩენ კანდიდატებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბადრი პატარკაციშვილი– 7,3 %; შალვა ნათელაშვილი– 7.0 %; დავით გამყრელიძე– 4.3 %; გია მაისაშვილი – 1.0 %; ირინა სარიშვილი – 0.2 %.
შედეგები დათვლილია გამოყენებული ბიულეტენების საფუძველზე და სტატისტიკური ცდომილების მაჩვენებელი 2%-ია. გაუქმებული ბიულეტენების საერთო რაოდენობა 2.3 %-ია.
“სამართლიანმა არჩევნებმა” მთელი საქართველოს მასშტაბით რეპრეზენტატულად შერჩეული 394 უბნის საფუძველზე განახორციელა ხმების პარალელური დათვლა.
არჩევნებზე აქტივობამ პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით 55,7% შეადგინა, განაცხადა ”სამართლიანმა არჩევნებმა”.