ახალი ამბები

ცესკო-მ ჯერ მხოლოდ 105 უბნის შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) თავის ვებ-გვერდზე ხუთი საათის წინ საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო. დილის 9:30 საათისთვის 3 512 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 105 უბნის მონაცემები იქნა გამოქვეყნებული.


ეს არის თბილისის, ბათუმის, რუსთავის, საგარეჯოს, მარნეულის, ბორჯომის, ახალციხის, ზუგდიდის და ზემო აფხაზეთის რამდენიმე უბნიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმები.


ამ 105 უბნიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს; მას მოსდევს ლევან გაჩეჩილაძე. ამ მონაცემებში თბილისის მხოლოდ 30 უბანი შედის. მათ უმეტესობაში გაჩეჩილაძე ლიდერობს; თუმცა, სააკაშვილს დამაჯერებელი გამარჯვება აქვს ზუგდიდიდან და მარნეულიდან მიღებულ შედეგებში. ბათუმის 15 უბნის მონაცემების საფუძველზე, სააკაშვილმა ხმების 37.2%, ხოლო გაჩეჩილაძემ 34.4%-მდე მიიღო. ბათუმში სულ 75 უბანია.


ამასობაში, ოპოციზიურმა კოალიციამ, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს,  უკვე განაცხადა, რომ ცესკო განზრახ აჭიანურებდა შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებას. ”ის ფაქტი, რომ მხოლოდ 100 უბნის მონაცემებია ხელმისაწვდომი, იწვევს ეჭვებს, რომ ვიღაცა ცდილობს ციფრების ხელოვნურად დასმას,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან.


თუმცა, ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ შეფერხება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია და მათ შორის ”თოვლი” დაასახელა. მან ასევე განაცხადა, რომ ხმების დათვლა შრომატევადი საქმეა, რადგანაც საპრეზიდენტო არჩევნების გარდა ორი პლებისციტიც ჩატარდა. თარხნიშვილმა განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების პარტიული შემადგენლობაც შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.


”კომისიების პარტიული შემადგენლობიდან გამომდინარე თითოეულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარეობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ცხარე დებატები, რაც ასევე აგრძელებს ხოლმე პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის დემოკრატიის ნაწილი,” – დასძინა მან.


   

მსგავსი/Related

Back to top button