
არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ფერხდება – თარხნიშვილი
არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნება, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ღამის 12 საათიდან უნდა დაეწყო, ფერხდება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა პრესკონფერენციაზე.
”სამწუხაროდ, მე დღეს ვერ მოგახსენებთ მონაცემებს, რომლებიც უშუალოდ არჩევნების შედეგებს ეხება, რადგან ის ციფრები არ არის იმდენი რაოდენობის უბნებიდან, რომ შეიძლებოდეს მისი ანალიზი. ჩვენ მიღებული გვაქვს დაახლოებით, 100-მდე უბნის მონაცემი და მიმდინარეობს ამის ანალიზი და შემდეგ ეს შედეგები გამოქვეყნდება ონლაინ რეჟიმში,”- განაცხადა მან.
თარხნიშვილის განცხადებით, დილის 9 საათზე გაიმართება პირველი ბრიფინგი, სადაც შეჯამდება ყველა ის მონაცემს, რომელიც ღამის განმავლობაში შევა ცესკოში.
”მე მესმის ის მოუთმენლობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს ამ შედეგების გარშემო,”- განაცხადა თარხნიშვილმა, ”მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ის მიზეზი, რის გამოც შედეგების შეჯამება ცოტა გაჯანჯლდა: პირველი, თოვლმა შეაფერხა მთელი რიგი უბნებიდან რეზულტატების გამოტანა; მეორე, არჩევნების გარდა დღეს ტარდებოდა პლებისციტის ორი კითხვა და შესაჯამებელია სამი მონაცემი; და მესამე, კომისიების პარტიული შემადგენლობიდან გამომდინარე თითოეულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარეობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ცხარე დებატები, რაც ასევე აგრძელებს ხოლმე პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის დემოკრატიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხალხი გაგებით მოეკიდება ამ მცირე შენელებას”.
დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან, რომელიც ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციის წევრია, ეჭვის ქვეშ დააყენა თარხნიშვილის არგუმენტები. კუკავა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრესკონფერენციას სთხოვა ცესკო-ს თავმჯდომარეს წარმოედგინა 100 საარჩევნო უბნიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების ასლები.
”ეს არ არის ადგილი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად; ეს პრესკონფერენციაა…,” – უპასუხა თარხნიშვილმა. თუმცა, კუკავამ შეაწყვეტინა თარხნიშვილს და განაცხადა, რომ ”სინამდვილეში არანაირი ოქმები, რა თქმა უნდა, ცესკოში არ არის”.
ამჟამად, კუკავა ცესკო-ში იმყოფება. მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ის დაელოდება ამ ოქმების ასლებს, რომლებიც, როგორც ცესკო აცხადებს, ფაქსით იქნა მიღებული.
თარხნიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს ”რამდენიმე პრობლემატური უბანი”, მაგრამ ამ უბნების შედეგები რომც გაბათილდეს, ეს ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების საერთო შედეგებზე.