
ეგზით პოლები პროვოკაციაა – ოპოზიციური კოალიცია
ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ განაცხადა, რომ ეგზით პოლები არის პროვოკაცია, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძის გუნდი არ წამოეგება და გააგრძელებს შედეგების დათვლას საარჩევნო უბნებში მიღებული ხმების მიხედვით.
ეგზით პოლების წინასწარი შედეგების თანახმად, რომელიც ოთხი ტელეკომპანიის დაკვეთით განხორციელდა, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს ხმების 52.5%-ით; მას მოყვება ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ხმების 28.5%-ით.
”ჩვენ მოგვდის ყოველწუთიერად შედეგები სხვადასხვა უბნებიდან. ჩვენ უკვე 15 უბანში ვართ გამარჯვებული. ჩვენ დაველოდებით ამ შედეგებს და გამოვაცხადებთ ჩვენ გამარჯვებას ამ შედეგებიდან გამომდინარე.,”- განაცხადა კოალიციის სახელით საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, ”უკვე ნათელია, რომ თბილისში და ძალიან ბევრ რეგიონებში მიშა სააკაშვილი არის დამარცხებული – ეს არის რეალობა”.
მან ასევე მიმართა საუბნო კომისიის წევრებს, რომ დროულად მიაწოდონ მიღებული შედეგები.
”ახლა იწყება რეალური ბრძოლა,”- აღნიშნა მან, ”ჩვენ უნდა შევამოწმოთ ყველა ოქმები იმიტომ, რომ ჩვენ ვაცხადებთ ჩვენ გამარჯვებას მხოლოდ ოქმების საფუძველზე და არა როგორც ზოგიერთი, ტყუილების საფუძველზე”.
”ჩვენ არ წამოვეგებით მათ პროვოკაციებზე. ეს არის პროვოკაცია – ზეიმი, რომელიც დღეს ტარდება თბილისში არის პროვოკაცია იმისთვის, რომ ჩვენ გამოგვიყვანონ წყობიდან იმისთვის, რომ ჩვენ ბოლომდე არ მივყვეთ ოქმებს – ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ წყნარად, სტაბილურად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე, ჩვენ გამარჯვებამდე,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.