ახალი ამბები

ეგზით პოლები: სააკაშვილი – 53.8%, გაჩეჩილაძე – 28.3%

ეგზით პოლების საბოლოო შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს არჩევნებში ხმების 53.8%-ით; მას მოყვება ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ხმების 28.3%-ით.

ეგზით პოლების შედეგების თანახმად, რომელიც ოთხი ტელეკომპანიის დაკვეთით განხორციელდა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ხმების 6,2% მოიპოვა; შალვა ნათელაშვილმა – 5.6%; დავით გამყრელიძე – 3.6%; გიორგი მაისაშვილი – 0.9%; ირინა სარიშვილი – 0.4%. ყველა კანდიდატი გადახაზა 0.9%-მა.


რესპონდენტთა 28%-მა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, თუ ვის მისცა ხმა. ორგანიზატორთა თქმით, ცდომილების ზღვარი 2%-ია.

ეგზით პოლების ფარგლებში გამოიკითხა 9 846 საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩეველი, აქედან პასუხი გასცა 7 102-მა.

ეგზით პოლები ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით განახორციელა ოთხმა ორგანიზაციამ: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS). საველე სამუშაოებს ექვსი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაცია – IPM, ACT, სარკე, ISSA, ISR და ARC – ატარებდა.


ქვეყნის მასშტაბით 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა.


ამასობაში, ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ განაცხადა, რომ ეგზით პოლები არის პროვოკაცია, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძის გუნდი არ წამოეგება და გააგრძელებს შედეგების დათვლას საარჩევნო უბნებში მიღებული ხმების მიხედვით.


”ჩვენ მოგვდის ყოველწუთიერად შედეგები სხვადასხვა უბნებიდან. ჩვენ უკვე 15 უბანში ვართ გამარჯვებული. ჩვენ დაველოდებით ამ შედეგებს და გამოვაცხადებთ ჩვენ გამარჯვებას ამ შედეგებიდან გამომდინარე.,”- განაცხადა კოალიციის სახელით საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, ”უკვე ნათელია, რომ თბილისში და ძალიან ბევრ რეგიონებში მიშა სააკაშვილი არის დამარცხებული – ეს არის რეალობა”.


საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე საქართველოს მასშტაბით დაიხურა.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5 საათისთვის 46.44% შეადგინა. 


”ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ პირობებში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე,” – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ირაკლი ფორჩხიძემ საღამოს 8:3- საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა, მან ვერ შეძლო იმის დაკონკრეტება, როდის გახდება ცნობილი წინასწარი შედეგები. 


არჩევნების მსვლელობისას ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო შტაბები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ დარღვევებთან დაკავშირებით. ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ”კარუსელების” ორგანიზებაში დაადანაშაულეს.


ცალ-ცალკე გამართულ პრესკონფერენციებზე ახალი მემარჯვენეების და ლეიბორისტული პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადეს, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერები ერთი უბნიდან მეორეში გადაჰყავდა. რამდენჯერმე ხმის მიცემის თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მარკირება ხორციელდება სპეციალური სითხით. თინა ხიდაშელმა ოპოზიციური კოალიციიდან და დავით საგანელიძემ, დავით გამყრელიძის შტაბის ხელმძღვანელმა, განაცხადეს, რომ უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც დაზიანებული მარკირების დეტექტორის გამი, ყოველთვის არ იყო შესაძლებელი მრავალჯერადი ხმის მიცემის თავიდან აცილება.


ხელისუფლებამ, ცესკო-მ და სააკაშვილის საარჩევნო შტაბმა კატეგორიულად უარყვეს ეს ბრალდება. თუმცა, სააკაშვილის შტაბმა დაადასტურა, რომ მან დაიქირავა ავტობუსები, რათა ამომრჩევლებს უბნებზე მისვლაში დახმარებოდნენ.


”იმას, თუ როგორ მივიდნენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებამდე – ავტობუსებით თუ მიკროავტობუსებით – არაფერი აქვს საერთო საარჩევნო პროცედურებთან საარჩევნო უბნის შიგნით. ჩვენმა ოპონენტებმა უნდა შეწყვიტონ ამ საკითხზე სპეკულირება,” – განაცხადა სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ.


შუადღისთვის ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ დარღვევები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და ზოგადად საარჩევნო პროცესი ნორმალურ და სტაბილურ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.


ხელისუფლების განცხადებით, პოლიციამ დააკავა პიროვნება, რომელიც თელავის საარჩევნო უბანში ზედმეტი ბიულეტენების ჩაგდებას ცდილობდა. თუმცა, მათი თქმით, არ იყო ცნობილი ვის სასარგებლოდ ცდილობდა ეს ადამიანი ბიულეტენების ჩაგდებას.

მსგავსი/Related

Back to top button