
სააკაშვილის საარჩევნო შტაბი ”კარუსელების” ორგანიზებას უარყოფს
ოპოზიციურმა პარტიებმა ბრალი დასდეს ხელისუფლებას ე.წ კარუსელების ორგანიზებაში – არჩევნების გაყალბების მეთოდი, რომლის დროსაც ამომრჩეველი რამდენიმეჯერ აძლევს ხმას.
ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტებისა და ოპოზიციური კოალიციის შტაბებმა პრესკონფერენციები გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ორგანიზებულად გადაჰყავს მხარდამჭერები უბნიდან უბანზე კარუსელის დატრიალების მიზნით. ორჯერ ხმის მიცემისაგან სპეციალური მარკირების სითხე იცავს, რომლის გამოყენებაც კენჭისყრის პროცედურის შემადგენელი ნაწილია. თინა ხიდაშელმა ოპოზიციური კოალიციიდან და ახალი მემარჯვენეების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადეს, რომ იმ უბნებში, სადაც მარკირების აპარატი დაზიანებულია, რამდენჯერმე ხმის მიცემისგან თავის დაცვის დამცავი მექანიზმები არ არსებობს.
ხელისუფლებამ, ცესკომ და სააკაშვილის საარჩევნო შტაბმა უარყვეს ეს ბრალდებები. თუმცა სააკაშვილის შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ დაიქირავეს ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ამომრჩევლის უბნებამდე ტრანსპორტირების მიზნით.
”ჩვენმა შტაბმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართლაც დღევანდელ დღეს დაიქირავა სატრანსპორტო საშუალებების გარკვეული რაოდენობა… ერთადერთი მიზნით: დავეხმაროთ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლაზე,”- განაცხადა სააკაშვილის შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, ”თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა გადაწყვეტს დაეხმაროს ასევე ამომრჩეველს მიყვანილი იქნან საარჩევნო უბნებამდე, ჩვენ ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. არანაირი შეხება ადამიანების მიყვანას საარჩევნო უბნამდე არ აქვს იმასთან, რაც ხდება საარჩევნო უბნის შიგნით. მე მოვუწოდებ ყველას შეწყვიტოს სპეკულაცია ამ თემის ირგვლივ”.
იუსტიციის მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის წერილობით განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დიდთოვლობით გამოწვეული საგზაო მოძრაობის გართულების გამო, თბილისის მერიამ უზრუნველყო ავტობუსებით ამომრჩეველთა უფასო ტრანსპორტირება საარჩევნო უბნებამდე.